"სპუტნიკის" თვალით დანახული "გავრილოვის ღამე"
სერგეი გავრილოვის ვიზიტისა და 21 ივნისის ღამის მოვლენების გაშუქება ქართულ, საერთაშორისო, ოსურ და აფხაზურ სპუტნიკზე


ავტორი: მარიამ ტალახაძე
„სპუტნიკი" 30 ენაზე ფუნქციონირებს. გარდა ქართული სპუტნიკისა, არსებობს სპუტნიკის ოსური და აფხაზური ვერსიებიც. საინტერესოა, როგორ გააშუქა პრორუსულმა მედიამ საქართველოში გავრილოვის ვიზიტი და ამას მოყოლილი საპროტესტო ტალღა, რომელიც 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ნიუსების ტერმინოლოგიის, რესპონდენტების, სათაურებისა და კონკრეტული აქცენტების გაანალიზებით შესაძლებელი გახდა იმ ძირითადი ტენდენციების გამოყოფა, რომლებიც ამ კონკრეტული მოვლენის გაშუქებას ახლდა თან. მონიტორინგის პროცესი მოიცავდა 20-26 ივნისის პერიოდს, რადგან ყველაზე აქტუალური ეს საკითხი სწორედ ამ დროს იყო. მონიტორინგის პროცესში გაანალიზდა სპუტნიკის 4 პლატფორმა: „სპუტნიკ საქართველო", „საერთაშორისო სპუტნიკი" (Sputnik International), „სპუტნიკ აფხაზეთი" (Sputnik Абхазия) და „სპუტნიკ ოსეთი" (Sputnik Южная Осетия).
სპუტნიკის მედიაგზავნილების სახე და შინაარსი
პირველი ახალი ამბავი, რომელიც გავრილოვის ვიზიტს შეეხო „სპუტნიკ საქართველოზე" შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა: „ოპოზიციამ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის გამო მართლმადიდებელთა ასამბლეის სხდომა ჩაშალა."

ნიუსში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი უცენზურო ლექსიკასაც იყენებდა რუსული დელეგაციის მისამართით. "შესვენების შემდეგ დეპუტატებმა პარტიებიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პრეზიდიუმის ტრიბუნის უკან ტერიტორია დაიკავეს, ხმაურიანი აქცია მოაწყვეს და პირობა დადეს, რომ იქ გავრილოვი ვეღარ გამოჩნდებოდა. ოპოზიციონერებმა ამ ყველაფერში ხელისუფლება დაადანაშაულეს." - ვკითხულობთ ნიუსში.
„სპუტნიკის" ყველა პლატფორმა მოვლენის გაშუქების დაწყების დღიდანვე აქცენტს ოპოზიციის ბრალეულობაზე აკეთებდა.

"ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა ააგორა მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ამ დილით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა" - სპუტნიკმა ეს ფრაზა ერთგვარ ბექგრაუნდად გამოიყენა რამდენიმე მასალაში, რომლებიც 20-21 ივნისს განთავსდა ვებგვერდზე.
არცერთ პლატფორმაზე არ გამოქვეყნებული მასალა, რომელიც აჩვენებდა მეორე მხარეს - რუსი კომუნისტი დეპუტატის ვიზიტით გამოწვეულ სამოქალაქო პროტესტს და აქტივისტთა პოზიციას. "სპუტნიკი" არცერთ მასალაში არ ახსენებს ტერმინ "ოკუპაციას", ის გამართულ აქციას აფასებს ისეთი განსაზღვრებებით, როგორებიცაა „ანტირუსული" და „ანტისამთავრობო": „21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა" - ვკითხულობთ ერთ-ერთ ნიუსში.
რუსი პოლიტიკოსები — „სპუტნიკ საქართველოს" მუდმივი რესპონდენტები

როგორც ყველა სხვა მედიისთვის, ასევე „სპუტნიკისთვისაც" საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის გამოსახატად ერთ-ერთი გზა კონკრეტული რესპონდენტების შერჩევაა. „სპუტნიკი" აქტიურად აქვეყნებდა რუს პოლიტიკოსთა გამოხმაურებებს მოვლენათა მიმდინარეობის შესახებ. მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაზე მსჯელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სოწრედ ისაა, თუ ვის უთმობს ის ასპარეზს საკუთარი აზრის გამოსახატად. „სპუტნიკ საქართველო" ამ ასპარეზს უმეტესწილად რუს პოლიტიკოსებსა და მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წევრებს უთმობდა. თითქმის არ გვხვდება მასალა, რომელშც ოპოზიციური ძალების პოზიციაა გადმოცემული მისი რომელიმე წევრის კომენტარის სახით.

ერთ-ერთი რუსი პოლიტიკოსი, რომლის შეფასებაც ქართულ, აფხაზურ და საერთაშორისო სპუტნიკზე მოხვდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვაა. ზახაროვამ მომხდარის „კოშმარული პროვოკაცია" უწოდა და აღნიშნა, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოში „მიწვევითა და მშვიდობიანი მიზნებით" ჩამოვიდა და მას არასდროს მიუღია მონაწილეობა არანაირ ანტიქართულ საქმიანობაში.

კიდევ ერთი რუსი პოლიტიკოსი, რომელის შეფასებაც ასევე ქართულმა და აფხაზურმა სპუტნიკმა გამოაქვეყნა დიმიტრი პესკოვია. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა მომხდარს „ექსტრემისტული ელემენტების" მიერ მოწყობილი „რუსოფობიური პროვოკაცია" უწოდა და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, გააფრთხილოს რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები, საქართველოში ექსტრემისტული ელემენტების მოქმედებებიდან გამომდინარე შესაძლო საფრთხეების შესახებ.

„სპუტნიკ საქართველომ" სერგეი გავრილოვის განმარტებაც გამოაქვეყნა. გავრილოვმა აღნიშნა, რომ მართლმადიდებლობის საერთაშორისო სხდომის ჩაშლა თბილისში წინასწარ დაგეგმილი აქცია იყო, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას ისახავდა მიზნად. მისივე თქმით, თბილისში მოწყობილი არეულობა მმართველი პარტიისთვის დარტყმის მიყენებისთვის იყო გათვლილი. დუმის დეპუტატმა აღნიშნა, რომ მომიტინგეეებს წინასწარ მომზადებული პლაკატები და ლოზუნგები ჰქონდათ. ასამბლეის სხდომა კი უბრალოდ საბაბად გამოიყენეს გამოსვლების დასაწყებად.

რუსი ტურისტები — ქართული ტურიზმის მთავარი საზრდო
„სპუტნიკს" არც რუსი ტურისტების საკითხი გამორჩენია. რუსეთიდან ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით სააგენტომ არამარტო ახალი ამბები, არამედ რამდენიმე ანალიტიკური მასალაც გამოაქვეყნა. ერთ-ერთი ასეთ სტატიაში, სახელწოდებით „რამდენს დაკარგავს საქართველო რუსული შეზღუდვების გამო", აღწერილია ის სავარაუდო ზარალი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას მიადგება რუსი ტურისტების დაკარგვის შემდეგ. "მთავრობამ რუსული ბაზრის შესანარჩუნებლად სტრატეგია უნდა შეიმუშაოს" - ხაზგასმულია მასალაში.

ამ თემისთვის მიძღვნილი მასალების უმეტესობაში აქცენტი კეთდებოდა იმაზე, თუ რამდენად უსაფრთხო ადგილია საქართველო. სააგენტომ გამოაქვეყნა „როსტურიზმის" პოზიცია, რომელიც ტუროპერატორებს საქართველოში ტურების შეჩერების რეკომენდაციას აძლევს.

საინფორმაციო ომების მკვლევარ დავით ძიძიშვილის შეფასებით, "სპუტნიკი" ცდილობს ლოკალურ კონტენტზე ორიენტირებას, რითაც ის ახერხებს მოიზიდოს მაყურებელთა გარკვეული რაოდენობა. მისი თქმით, "სპუტნიკი" იყენებს პროპაგანდის კლასიკურ მეთოდებს, როგორიცაა მაგალითად სიმართლისა და ტყუილის ერთმანეთში არევა.
ძიძიშვილის აზრით, 20 ივნისის მოვლენების გაშუქებისას არამარტო "სპუტნიკის", არამედ სხვა რუსული დაფინანსების მქონე მედიასაშუალებების ყურადღება იყო საქართველოსკენ მომართული, ამით კი გამოიკვეთა რუსეთის ინტერესი, გაიგოს, რამდენად აქვს შედეგი მის პროპაგანდას საქართველოში.
მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს სამხრეთ ოსეთის სიხშირეზე მომუშავე რადიო სპუტნიკზე. მისი თქმით, აქ საქართველოში მიმდინარე მოვლენები "რუსოფობიურ პროვოკაციად" ფასდებოდა და მუდმივად მიმდინარეობდა აქტივისტთა დისკრედიტაცია.
მეორეხარისხოვანი ამბავი — მოვლენის გაშუქება აფხაზურ და ოსურ სპუტნიკზე
ოსური და აფხაზური სპუტნიკი საქართველოში გავრილოვის ვიზიტისა და საპროტესტო აქციების შესახებ მხოლოდ ზოგადი ინფორმაციის გამოქვეყნებით შემოიფარგლა. ამ თემას აფხაზურმა სპუტნიკმა 5, ხოლო ოსურმა 3 ნიუსი მიუძღვნა.
როგორც ოსურ, ისე აფხაზურ სპუტნიკზე მეტი აქცენტი გაკეთდა არა საპროტესტო ტალღასა და დაშავებულ ადამიანებზე, არამედ ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვაზე. აფხაზურ სპუტნიკზე გამოქვეყნდა მასალა, სახელწოდებით „რატომ შეაჩერა რუსეთმა საქართველოსთან მიმოსვლა" (Почему Путин закрыл авиасообщение с Грузией), ვრცელ მასალაში ახსნილია რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია და აქცენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეა გაკეთებული, რომელიც შესაძლოა საფრთხისშემცველი იყოს რუსი მოქალაქეებისთვის.
,,სპუტნიკ ოსეთის" ერთ-ერთ მასალას მანიპულაციური სათაური აქვს, სათაური გვეუბნება, რომ თბილისში არეულობა მართლმადიდებლური ფორუმის გამო დაიწყო. (В Тбилиси начались беспорядки из-за православного форума). მართალია, მასალაში ნახსენებია სერგეი გავრილოვი, თუმცა სათაური მაინც მანიპულაციურია, რადგან ის მკითხველს გავრილოვს არ უხსენებს და არეულობის მიზეზად მართლმადიდებლურ ფორუმს ასახელებს.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ „სპუტნიკის" მიერ 20 ივნისის მოვლენების გაშუქებისას გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი ტენდენცია:
1
მოვლენის პრორუსული გადმოსახედიდან გაშუქება
მოვლენის პრორუსული გადმოსახედიდან გაშუქება. სპუტნიკი საპროტესტო აქციების შესაფასებლად იყენებდა ტერმინს „ანტირუსული", მის მასალებში საპროტესტო ტალღა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია იყო და არა ქართველი ხალხის პროტესტი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და არამარტო.
2
რუსი პოლიტიკოსების კომენტარების ხშირი გამოყენება ჟურნალისტურ მასალებში.
ცხადია, ამ კონკრეტული მოვლენის გაშუქებისას ვერცერთი მედია ვერ აუვლიდა გვერდს რუსი პოლიტიკოსების შეფასებებს, თუმცა „სპუტნიკი" აქვეყნებდა არამარტო რუსეთის პირველ პირთა კომენტარებს, არამედ სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი პოლიტიკოსების შეფასებებსაც.
3
ოსური და აფხაზური "სპუტნიკის" დაბალი ინტერესი
ოსურმა და აფხაზურმა სპუტნიკმა საქართველოში მიმდინარე ეს მოვლენა მეორეხარისხოვნად მიიჩნიეს და ზედაპირულად გააშუქეს.
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website